იატაკის არჩევა საბავშვო ოთახის რემონტისათვის

რომელი იატაკი გადავწყვიტოთ საბავშვო ოთახის რემონტისათვის? 

 სახლის რემონტისას საბაშვო ოთახისათვის მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევა ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. საბაშვო ოთახი ყველაზე მყუდრო და უსაფრთხო უნდა გამოგვივიდეს. იატაკის შერჩევისას მასალა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: იყოს ეკოლოგიური, თბილი და კომფორტული ზედაპირით, არ სრიალებდეს, იყოს უსაფრთხო, უძლებდეს მექანიკურ დატვირთვას და მარტივად იწმინდებოდეს. სასურველია თუ იატაკის საფარი არაალერგიულიც იქნება. და რათქმაუნდა უნდა იყოს ლამაზი, რადგანაც ესთეტიური გემოვნება პატარაობიდანვე ყალიბდება.

ოთახის რემონტი ხის იატაკით

არ არსებობს ხეზე მეტად ეკოლოგიური და სუფთა მასალა. ხე არ გამოყოფს არანაირ მავნე ნივთიერებებს, წიწვოვანი ჯიშები პირიქით ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდება. არაა ალერგიული. ხის იატაკი, იქნება ეს მასიური ფიცარი თუ პარკეტი, გამოირჩევა შემდეგი დადებითი თვისებებით:

  • ეკოლოგიურია
  • ვიზუალურად ლამაზია
  • ხანგრძლივად ძლებს და მარტივია მისი განახლება, ზედაპირული ფენის მოცილებით და თავიდან დამუშავებით.
  • აქვს კარგი ხმის და თბოიზოლაციური თვისებები, შეხებისას თბილია.

თუმცა ხეს მინუსებიც გააჩნია:

  • აუცილებელია მისი მუდმივი დამუშავება დამცავი საფარით, ნესტის და ობისგან დამცავი საშუალებებით და ისინი არ უნდა შეიცავდეს ბაშვისთვის მავნე მინარევებს;
  • ხე საკმაოდ რბილი მასალაა და შესაძლებელია ნაკაწრების და ნაჭდევები დაემჩნეს აქტიური თამაშისას;
  • საკმაოდ მგრძნობიარია წყლის მიმართ, უმჯობესია იატაკზე მოხვედრილი სითხეები მალევე გაიწმინდოს.

პარკეტის დაფა საბავშვო ოთახში

პარკეტის დაფა ერთგვარი საშეღავათო ვარიანტია, როდესაც გვინდა ნატურალური ნაკლებ ფასად. ზოგიერთი ინტერიერის დიზაინერი მას საბავშვო ოთახისთვის იდეალურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. პარკეტის დაფა შედგება  რამოდენიმე ფენა შედარებით იაფი ხის მერქნისგან, უმეტესად წიწვოვანი.  და ზედა ფენა ძვირფასი მერქნისაგან. პარკეტის დაფის ძირითადი პლიუსებია:

  • ეკოლოგიურობა,
  • კარგი ხმის იზოლაცია,
  • სასიამოვნო ვიაზუალი და ფაქტურების დიდი არჩევანი,
  • თბილ იატაკთან გამოყენების შესაძლებლობა,
  • მარტივი მონტაჟი.

მინუსები იგივეა, რაც ბუნებრივ ხეს.

ლამინატის იატაკი ოთახის რემონტისას

ლამინატი ყველაზე ხშირად გამოყენებადი და ყველაზე გავრცელებული მასალაა. ავღნიშნოთ მისი უპირატესობები:

  • უსაფრთხოება. ლამინატის მავნებლობა და მისგან საშიში ნივთიერებების აქროლადობა არაა დადასტურებული, მაგრამ თქვენი სიმშვიდისათვის შეგიძლიათ ცნობილი მწარმოებლების ლამინატი გამოიყენოთ, ისინი სერთიფიკატებით ადასტურებენ მასალის ეკოლოგიურობას.
  • მარტივი მოსავლელია,
  • მტკიცეა,არ იმჩნევს ნაჭდევებს. უკეთესი გამძლეობისათვის 32 და ზემოთ კლასის ლამინატის იატაკი გამოიყენეთ.
  • ხელმისაწვდომია ფერების და ფაქტურებს დიდი არჩევანი,
  • აქვს ხელმისაწვდომი ფასი.

გაითვალისწინეთ რომ ლამინატი საკმაოდ ხმაურიანია და სასურველია დამატებით ხმის იზოლაციის გამოყენება. იატაკის საფარი საკმაოდ სრიალაა და კარგი იქნება სათამაშო ზონაში ხალიჩის დაგება, დაზღვევის მიზნით.

კორპის იატაკი საბავშვო ოთახში

როგორც ხე, კორპის იატაკიც მაქსიმალურად ბუნებრივი და უსაფრთხო მასალაა და ხესთან შედარებით რამდენიმე უპირატესობაც გააჩნია. კორპის იატაკი რბილი და სასიამოვნოა, კარგად ახშობს ხმაურს, გამძლეა, არ სრიალებს და არ იზიდავს მტვერს. შეიძლება მისი დამუშავება ლაქით, უფრო ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის. კორპის იატაკი არ გამოირჩევა ფერებისა და ფაქტურის მრავალფეროვნებით, თუმცა მისთვის დამახასიათებელი მოყავისფრო-მოყვითალო გამა ოთახს სიმყუდროვეს ანიჭებს და ყველაზე უნივერსალური ფერებია. ამ ყველა დადებითი თვისების გათვალისწინებით კორპის იატაკი სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. მაგრამ გაითვალისწინეთ რომ საკმაოდ რბილია და მგრძნობიარეა მძიმე და ბასრი ნივთებით მექანიკური ზემოქმედების მიმართ.

პოლივინილქლორიდის ფილა ოთახის იატაკზე

პოლივინილქლორიდის ფილა ანუ პევეხას თვისებები მშობლებმა სათანადოდ შეაფასეს და საკმაოდ წარმატებით იყენებენ საბავშვო ოთახებში.მასალის არაბუნებრივობის მიუხედავად ის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და არაალერგიულია. ახასიათებს მაღალი გამძლეობა, სიმტკიცე, მარტივი მოსავლელია, აქვს თბილი,სასიამოვნო ზედაპირი, ნესტგამძლე და ცეცხლგამძლეა. მარტივია მისი შეკეთება და განახლება, მხოლოდ ფრაგმენტის ან დაზიანებული ფირფიტის შეცვლით. ზედაპირი არ სრიალებს. იატაკის მასალას აქვს საკმაოდ დაბალი ფასი. პოლივინილქლორიდის ფილის ერთ ერთი უმთავრესი მინუსი მისი ხანმოკლე ექსპლუატაციის პერიოდია, ის როგორც წესი დაახლოებით 10 წლამდე ძლებს.

კოვროლინი, ხალიჩა საბავშვო ოთახში

კოვროლინი საკმაოდ ხშირად გამოიყენება საბავშვო ოთახების მოსაპირკეთებლად. მასალის არაბუნებრივობის მიუხედავად მწარმოებლებს შორის შეიძლება სანდო და ბავშვებისთვის უსაფრთხო პროდუქციის შერჩევა. იატაკი რბილი, სასიამოვნო და თბილია. აქვს კარგი ხმის დამხშობი თვისებები. ხელმისაწვდომია ფერების და ნახატების მრავალფეროვნება. კოვროლინის და ხალიჩის ძირითად მინუსებს მათი საკმაოდ რთული მოვლა განაპირობებს. შეუძლებელია ხაოიანი ხედაპირის მტვერისგან სრულად გაწმენდა, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას. ასევე პრობლემატურია ზედაპირიდან ლაქების და ჩამჯდარი ჭუჭყის მოცილება.

რბილი იატაკი რემონტისას

ბოლო პერიოდში საბავშვო ოთახის იატაკის მოსაპირკეთებლად იყენებენ რბილი, აქაფებული პოლიმერის იატაკს. წარმოებისას იყენებენ ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პოლიმერებს. იატაკი ძირითადად შედგება ასაწყობი დეტალებისგან, უმეტესად ფაზლის ფორმის. აქვს რბილი, სასიამოვნო ზედაპირი, წყალგამძლეა, მარტივად იწმინდება. მრავალფეროვანი ფერების არჩევანის წყალობით შესაძლებელია ორიგინალური და ლამაზი ნახატის აწყობა. რბილი იატაკის ზედაპირი საკმაოდ მალე ცვდება, მაგრამ ექსპლუატაციის ხანმოკლეობას აკომპენსირებს მისი უმარტივესი განახლების და შეცვლის საშუალება.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი მასალებისა, საბავშვო ოთახის იატაკის მოსაპირკეთებლად შეიძლება გამოვიყენოთ დასასხმელი იატაკი, მისი საშუალებით შეიძლება ოთახი ზღაპრულ სამყაროდ ვაქციოთ და იატაკზე ნებისმიერი ნახატი გადავიტანოთ. მაგრამ გაითვალისწინეთ მაღალი ფასი და ისიც რომ მისი დემონტაჟი და შეცვლა არცთუისე მარტივია.

შესაძლებელია ხალიჩების და ლინოლეუმის, ან სხვა ტიპის იატაკის  კომბინირება, ოთახის  სხვადასხვა ზონებად დაყოფა. ხალიჩების გამოყენებით შეიძლება უფრო მყუდრო და ხალისიანი ინტერიერის მიღება.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

მსგავსი პოსტები