რემონტი რჩევები როგორ გავაფორმოთ კედელი

რჩევები, როგორ გავაკეთოთ ბინის ინტერიერის დიზაინი და რემონტი იაფად და ორიგინალურად

რათქმაუნდა ბინის რემონტის დროს კედლის გაფორმების ყველაზე გავრცელებული და სტანდარტული მეთოდია შპალერის გაკვრა. მრავალფეროვანი არჩევანი, მარტივი გასაკრავი, სხვადასხვა ბიუჯეტისთვის ხელმისაწვდომი ფასი- ეს ყველაფერი და არა მხოლოდ განსაზღვრავს მის პოპულარობას.

მაგრამ თუ თქვენ გინდათ მეტი, გინდათ თქვენი ბინის ინტერიერი ორიგინალური და საინტერესო გახადოთ, ჩვენი დღევანდელი რჩევები სწორედ თქვენთვისაა. განვიხილოთ როგორ შეიძლება გავალამაზოთ კედელი არაბანალურად,  შპალერის გამოყენების გარეშე.

რემონტის დროს ოთახების შეღებვა საღებავით

ოთახის შეღებვა გარკვეულ ხარჯებს და მოსამზადებელ სამუშაოებს მოითხოვს, მაგრამ მიღებული შედეგი იმდენად ლამაზია და იმდენი ფერის ვარიაცია, რომ ღირს ამაზე დაფიქრება. შეგიძლიათ ფანტაზიას გასაქანი მისცეთ. ერთ ფერში, რამოდენიმე ფერად შეღებვა, ნახატით ან ორნამენტებით დაფარვა… საღებავი ამ ყველაფრის შესრულების საშუალებას გვაძლევს.

კედლის დიზაინის მოხატვის ორიგინალური მეთოდები:

  • პროექტორით ხატვა. მართალია ამ მეთოდისთვის პროექტორი დაგჭირდებათ, მაგრამ საინტერესო შედეგი მიიღება. შევარჩევთ სასურველ ნახატს, პროექციას მოვახდენთ სასურველ კედელზე და შემოვხაზავთ გამოსახულების გარშემო კონტურებს. შემდეგ სხვადასხვა ფერის საღებავებით გაფერადება რჩება.
  • ფანქრით დახატული დეკორი. ამისთვის სულ მცირე ხატვის ნიჭი მაინც დაგვჭირდება. კედელზე ხელით ვხატავთ სასურველ ნახატს და ვაფერადებთ საღებავებით. თუ განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩევით, მარტივი ესკიზი შეარჩიეთ.

დეკორატიული ლესვა ბინის რემონტისას

           შესაძლებელია დეკორატიული ბათქაშით კედლების ორიგინალური გაფორმება. ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერის, ფაქტურის, სიბზინვარის, სხვადასხვა ეფექტის ასორტიმენტი. მრავალფეროვნებიდან აუცილებლად შეარჩევთ და მიიღებთ თქვენთვის სასურველ ეფექტს. ფასი საკმაოდ მაღალია, მაგრამ მის გამძლეობასთან და ვიზუალთან შეფარდებით თუ განვიხილავთ, მაშინ რემონტის ფასები მისაღებია.

ლესვისთვის იყენებენ რამოდენიმე სახეობის უწვრილესი ბათქაშის ნარევებს:

  • მინერალური ბათქაში. ნარევი ნესტგამძლე და ეკოლოგიურად სუფთაა, მისი გამოყენება შეიძლება სამზარეულოს და სააბაზანოს კედლების გასალესად.
  • აკრილის ბათქაში. ნარევი ელასტიურია, ამიტომ მარტივი დასატანი კედელზე. კარგად უძლებს ცვეთას, წყალგაუმტარია და არ იწვის.
  • სილიკონის ბათქაში განსაკუთრებული ელასტიურობის წყალობით ინარჩუნებს ნებისმიერ ფორმას, მისი გამოყენებით დეკორის სხვადასხვა ფორმების და ფაქტურების მიღება შეიძლება.

ხის გამოყენება თანამედროვე სახლის დიზაინში

ხე ასწლეულებს განმავლობაში გამოიყენებოდა სახლის დეკორად. მაღალი ფასის მიუხედავად, დღემდე საკმაოდ პოპულარულია. რადგანაც ასეთი დეკორით ინტერიერს გამორჩეულს და მყიდროს ვხდით. ხის დეტალების გამოყენება თანამედროვე ინტერიერიერისთვის დახვეწილი გემოვნების მაჩვენებლად მიიჩნევა. უხდება ლოფტს, ქანთრის, რუსტიკს, სკანდინავიურს. არაჩვეულებრივად ეფექტურია მისაღებ ოთახში ხის მოზაიკით, ხის ნაჭრებით, დაძველებული ხით აწყობილი კედლის დეკორი. აუცილებლად გაითვალისწინეთ რომ ხის მასალის მწერებისგან და ნესტისგან სპეციალური დამცავი საშუალებებით დაცვა მოგიწევთ.

ბუნებრივი ან ხელოვნური ქვით კედლის გაფორმება

       ქვის დეკორები ლამაზი და გამძლეა. უხდება მოდერნს, კლასიკურ ინტერიერს. სასურველია ქვის დეკორი დიდ ოთახებში გამოვიყენოთ, რადგან ქვა საკმაოდ ამძიმებს და კიდევ უფრო აპატარავებს პატარა სივრცეს. ორიგინალურია კენჭებით გაფორმება. უხდება შემოსასვლელ ოთახს, სააბაზანოს და სამზარეულოს. შეიძლება კედლის ნაწილის დეკორირება ან კენჭებიანი პატარა და ჩარჩოში მოქცეული მონაკვეთის გამოყენება.  ხელოვნური ქვებიდან ყველაზე ხშირად თაბაშირის დეკორებს იყენებენ. ისინი მსუბუქი, შედარებით დაბალფასიანი, მარტივი დასამონტაჟებელი და ლამაზია. წყალგამძლე მასალა არაა, ამიტომ სპეციალური დამცავი ნაზავით გაჟღენთვა მას წყალგაუმტარს გახდის. ხელმისაწვდომია სხვადასხვა დიზაინის ქვის არჩევანი. არსებობს ასევე კერამიკული ხელოვნური ქვები, რომლების შედარებით მეტი ღირს და ცოტა უფრო რთული დასამონტაჟებელია.

ბინის ინტერიერის მოპირკეთება კერამიკული ფილით

სტანდარტულად, კერამიკულ ფილას მხოლოდ სამზარეულოს და სააბაზანოს მოსაპირკეთებლად იყენებენ. მაგრამ ინტერიერის დიზაინერები ბევრად წინ წავიდნენ და მას საძინებელში, მისაღებ ოთახში და სხვა ოთახებშიც იყენებენ. გაზრდილი ასორტიმენტი ხელს უწყობს ფანტაზიის გაქანებას. ტყავის, მარმარილოს, ხის იმიტაციით ფილები, 3D ეფექტით, ყვავილოვანი ნახატით, სარკისებური ზედაპირით, მეტალით დაფარული, ესაა კერამიკული ფილის თანამედროვე ეფექტები.  იყენებენ ასევე დეკორატიულ წყობებს:  მოდულებს, ინგლისურ ან ფრანგულ წყობას, აგურის წყობას.

  ბინის დიზაინი სარკეებით

         ვინაიდან სარკე, როგორც დეკორის ელემენტი საკმაოდ ძველი ეპოქიდან გამოიყენება, კრეატიული გაფორმების მეთოდის მოძებნა ბინის დიზაინში საკმაოდ რთულია. დიზაინერები წარმატებით იყენებენ სხვადასხვა რამოდენიმე პატარა სარკის ერთად შეჯგუფებას კედელზე. სარკეები შეიძლება იყოს ერთიდაიმავე ფორმის და ზომის ან სხვადასხვა. სარკე ზრდის სივრცის შეგრძნებას, მატებს ოთახს სინათლეს. ცარიელი კედელი ამ მეთოდით მდიდრული ხდება.

გრიფელის დაფა ინტერიერის დიზაინში

         განსაკუთრებით კრეატიული და ორიგინალურობის მოყვარული თამამი ხალხისათვის საინტერესო იქნება გრიფელის დაფით კედლის დეკორირება. დაფა შეიძლება დაკიდოთ, ან მთელი კედელი სპეციალური გრიფელის საღებავით შეღებოთ. და თქვენ მიიღებთ ყოველდღიურად ახალ ახალი დეკორის შექმნის საშუალებას. კედელზე შეგეძლებათ ფრაზები, დავალებები, ნახატები, საყიდლების სია გადაიტანოთ. წარმოიდგინეთ რა საინტერესოა მუდმივად განახლებადი ოთახის კედელი, თან ეს საერთოდ არ აძვირებს სარემონტო ხარჯთაღრიცხვას. ოჯახში თუ ბავშვებია, ეს კედელი მათი ნიჭის გამოსავლენი სივრცე გახდება.

ვინილის სტიკერები და აპლიკაციები ძველი სახლის რემონტის გასაახლებლად

         სტიკერები და აპლიკაცია იდეალური გამოსავალია როდესაც ძველი ბინის  რემონტის შეცვლის საშუალება არაა, მაგრამ ძალიან გვინდა რაიმე ახალი დეტალი შევიტანოთ ინტერიერში. მათი მონტაჟიც და დემონტაჟიც მარტივი, სწრაფი და იაფია. ქაღალდის მოცულობითი აპლიკაციები ძირითადად საძინებლის ან საბავშვო ოთახის დეკორაციისათვის გამოიყენება. წარმოიდგინეთ როგორ გაახალისებს ბავშვის საძინებელს მოცულობითი ყვავილები და მათ გარშემო სხვადასხვა პეპლების აპლიკაცია.

ინტერიერის დეკორის სხვადასხვა ვარიანტები

         საკმაოდ ხელმისაწვდომი და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ნივთებით შეგვიძლია კედლის ორიგინალური დეკორის მიღება. ერთ ერთი ვარიანტია სხვადასხვა თეფშების დამაგრება კედელზე.  შეიძლება ხელით მოხატული თეფშების გამოყენება, რაც დეკორს კიდევ უფრო ორიგინალურს გახდის.

კედელზე დაკიდებული სხვადასხვა ფორმის ან  მოხატული საჭრელი დაფები სამზარეულოს სივრცეს სიმყუდროვეს და სილამაზეს შესძენს.

პანო ორგანაიზერი, რომელსაც შემოსასვლელში ან კორიდორში დაკიდებთ, დეკორატიული ელემენტის გარდა პრაქტიკულიცაა, რადგან მასზე სათვალის, გასაღების, სამახსოვრო ბარათების მიმაგრება შეიძლება. პანო შეიძლება საკუთარი ხელით გააკეთოთ ან უკვე გამზადებული შეიძინოთ.

ჩარჩოში ჩასმული ან მასზე გადაჭიმული ყელსახვევი კედლის უჩვეულო, მაგრამ ძალიან ეფექტური ელემენტი გახდება. ხშირად ყელსახვევები ფერებით და ნახატებით თითქმის ხელოვნების ნიმუშებს გავს.

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი პოსტები