როგორ გავაკეთოთ პატარა სამზარეულოს რემონტი

პატარა სამზარეულოს დაგეგმვა და რჩევები დიზაინზე

სამზარეულო არის ადგილი სახლში, სადაც ქალია მბრძანებელი და ყველაზე მეტ დროს ატარებს. სამწუხაროდ ჩვენი ბინების უმეტესობაში ძალიან პატარა და არაკომფორტული სამზარეულოა გათვალისწინებული. შევეცდებით რამოდენიმე დიზაინერული ხრიკით დაგეხმაროთ პატარა სამზარეულო უფრო მყუდრო და მოსახერხებელი გახადოთ. რაც უფრო პატარაა ფართი, მით უფრო გააზრებულ დიზაინს და დაპროექტებას მოითხოვს იგი. პირველ ადგილზე მაინც სამზარეულოს ფუნქციონალურობაა.

პატარა ბინის დაპროექტება

სამზარეულოს რემონტის დაწყებამდე გადახედეთ ბინის დაგეგმარებას. ხომ არ არის რაიმენაირად ფართის, თუნდაც ცოტათი გადიდების საშუალება. ლოჯის, აივანის ან შესასვლელის ხარჯზე დამატებითი ერთი-ორი კვადრატული მეტრიც კი მნიშვნელოვანია, თან სამზარეულო ბუნებრივად კარგად განათებული იქნება.

თუ არის ამის საშუალება, საკმაოდ კარგი და აპრობირებული ვარიანტია სამზარეულოს და მიმდებარე სასადილო ან საერთო ოთახის გაერთიანება. ჩვეულებრივი გამოსაღები კარი სივრცეს ამძიმებს, ამიტომ სამზარეულოში გამოიყენეთ გასაგორებელი კარები, ან თაღოვანი კარის  ღიობი დატოვეთ.

გაითვალისწინეთ, რომ ღია სამზარეულოს ჭირდება ვენტილაცია და გამწოვის კარგად დამონტაჟებული სისტემა, მთელ სახლში სუნის გავრცელება რომ არ მოხდეს.

ბინაში სივრცის არეულობა რომ არ მიიღოთ, საჭიროა სამზარეულოს და სასადილოს ოთახის ვიზუალური ან ფიზიკური ზონირება. გამოყოფის რამოდენიმე მეთოდია:

  • სხვადასხვა იატაკის საფარით,ა ნ კედლის ფერით გამოყოფა
  • ავეჯის გამოყენება გამყოფად- კონსოლი ან ლამაზი დივანი, კუნძული მაგიდა, სამზარეულოს ბარი.
  • დეკორატიული ტიხრები, შეიძლება იყოს ხის ან მინის ტიხრები.
  • გასაწევი კარები
  • სხვადასხვა დონის შეკიდული ჭერი

სამზარეულოს რემონტი ინტერიერის საუკეთესო ფერები

ვირჩევთ მაქსიმალურად ღია ფერებს. 2021 წლის ინტერიერის დიზაინი ტენდეციების მიხედვით აბსოლუტური ტრენდია მონოქრომული თეთრი სამზარეულო. სრულად თეთრი იატაკი, კედლები და ავეჯი სამზარეულოში ქმნის სივრცის და სისუფთავის შეგრძნებას. ინტერიერი რომ ზედმეტად სტერილური არ გამოვიდეს, გამოიყენეთ თეთრის სხვადასხვა ტონალობა და კონტრასტული ტექსტურები. მაგალითად თეთრი პრიალა მასალის სამზარეულოს ავეჯი, თეთრი აგური კედელზე და სამზარეულოს სარკის წინსაფარი.

პატარა სამზარეულოს ავეჯის დაპროექტება

პატარა სამზარეულოს მოსაწყობად დაგეგმეთ კუთხის გარნიტურა. მაცივარი, ნიჟარა და გაზქურას ზედაპირი ისეთი რიგით განათავსეთ რომ „სამუშაო სამკუთხედს“ ქმნიდნენ. ასე კომფორტული იქნება სამზარეულოში ტრიალი და  სამუშაო ზონა კარგად გამოყოფილი.

თუ სამზარეულოს კონფიგურაცია არ იძლევა საშუალებას, შეიძლება ერთი კედლის გასწვრივ განვალაგოთ ავეჯი. თუ სამზარეულო განიერია, ორ რიგად შეგიძლიათ ავეჯის განთავსება, მთავარია ავეჯს შორის გასავლელი მინიმუმ მეტრი მაინც დარჩეს. შეუკვეთეთ მაქსიმალურად მაღალი, ჭერამდე ავეჯი. უპირატესობა მიანიჭეთ ჩასამონტაჯებელ ტექნიკას,რაც დამატებით სივრცეს დაგიზოგავთ.

სამზარეულოს ზედაპირად არ გამოიყენოთ გრანიტი და ბუნებრივი ქვა, ის ზედმეტად მასიური და პომპეზურია პატარა სივრცისთვის. გამოიყენეთ აკრილი, მინა, ან ხე.

კუთხის გარნიტურის პირდაპირ შეიძლება ოვალური მაგიდის დადგმა, ოვალური ფორმა ზოგავს სივრცეს. თუ მაინცდმაინც ოთხკუთხედი მაგიდა გინდათ დადგათ, შეარჩიეთ მაგიდა მსუბუქი კონსტრუქციით.

სულ მთლად პაწია სამზარეულოში გამოიყენეთ გადმოსაკეცი მაგიდა.

სამზარეულოში ფანჯარა თუ არის, ძალიან ლამაზი ხერხია განიერი რაფის გაკეთება, რომელსაც მაგიდად გამოიყენებთ. ასე სივრცე არ დაიკარგება და ფანჯრის ქვეშ სათავსოს მოწყობა შეიძლება.

სამზარეულოსთვის სკამებიც მაქსიმალურად მსუბუქი და ჰაეროვანი შეიძინეთ. პლიუსი იქნება თუ ისინი ერთმანეთზე ადვილად ეწყობა, საწიროების შემტხვევაში სივრცის გასათავისუფლებლად. შეგიძლიათ გამჭვირვალე პოლიკარბონატის სკამების გამოყენება, გამჭვირვალე ავეჯი საერთოდ არ ტვირთავს ინტერიერს და თითქოს არც არის ოთახში.

პატარა სამზარეულოს რემონტი და დიზაინი

როგორ გავაკეთოთ რემონტი ისე რომ ხაზი არ გავუსვათ ფართის სიმცირეს? სამზარეულოს ვიზუალურად გაზრდა შეიძლება ერთი კედლის გამოყოფით. შეგიძლიათ კედელზე ფოტო პანორამა გააკრათ, რომელზეც რაიმე პერსპექტივაა, მაგალითად სადმე მიმავალი გზა,ხიდი ან რაიმე სივრცული. ერთ კედელს განიერ ჰორიზონტალურ ზოლებად თუ შეღებავთ, ეს ხრიკიც ვიზუალურად ზრდის სივრცეს, განსაკუთრებით თუ სამზარეულო ვიწრო და გრძელია, დასაბალანსებლად ზოლებად შეღებეთ ვიწრო კედელი.

კედელზე შეგიძლიათ დიდი სარკის დაკიდება, ან სარკისებული ფილის გამოყენება.

დაბალი ჭერის აწევა შეუძლია სარკისებურ ჭერს, ან ერთი კედლის ვერტიკალური ზოლებით გამოყოფა. მაგრამ ზომიერების დაცვით, რადგან ვერტიკალური ზოლები აპატარავებს ოთახს სიგანეში. რომბისებური ნახატი ან ფილის რომბული წყობაც ვიზუალურად ამაღლებს სამზარეულოს ოთახის ჭერს.

აბსოლუტურად გამორიცხეთ პატარა სამზარეულოში დიდი ნახატიანი შპალერის და ჭრელი ფერების გამოყენება. პატარა ბინის მოწყობა უმჯობესია მონოქრომული ან ორი-სამი ფერის გამოყენებით. მისაღებია კონტრასტული აქცენტი, მაგრამ პატარა, როგორიცაა ფერადი ჭურჭელი, მკვეთრი ფერის დეკორატიული დაფა და ა.შ.

პატარა სამზარეულოში იატაკზე ფილის ან ლამინატის დაგებაც უკეთესია დიაგონალური წყობით. სიმეტრიულ გაშლას ჯობია არეული ან შევრონი წყობა არჩიოთ. იატაკზეც შესაძლებელია ჰორიზონტალური ფერადი ზოლების ხრიკის გამოყენება.

სამზარეულოს რემონტი და სწორი განათება

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ხრიკი და რჩევები რემონტისთვის წყალში იქნება გადაყრილი თუ სამზარეულოში არ ვუზრუნველყოფთ კარგ განათებას.  განათება უნდა იყოს თანაბარი და თვალისთვის კომფორტული. არ უნდა იქმნებოდეს ოთახში ბნელი კუთხეები და ჩრდილები. პატარა სამზარეულოს განათებისას დაივიწყეთ სტანდარტული „ჭაღი ცენტრში“. განათება დაამონტაჟეთ წერტილოვანი და ჭერის პერიმეტრზე. გაითვალისწინეთ დამატებითი სანათები კარადის ქვემოთ, სამუშაო სივრცის გასანათებლად. კარგი იქნება წერტილოვან განათებასთან ერთად ლამაზი გრძლად ჩამოკიდებული ჭაღის დაკიდება სასადილო ზონის თავზე.

დასკვნის სახით ვიტყვით რომ როგორი დიზაინითაც არ უნდა აკეთებდეთ სამზარეულოს ინტერიერს, ეცადეთ ნაკლები დეტალების გამოყენება, მაქსიმალურად ბევრი შესანახი სივრცეების მოწყობა. სამუშაო სივრცე მაქსიმალურად გაათავისუფლეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკისგან. და მაქსიმალურად გაანათეთ ოთახის სივრცე. ნებისმიერი პატარა სამზარეულოს მოწყობა შესაძლებელია სწორი დაგეგმვით და სწორი დიზაინით, რემონტის ხარჯების გაზრდის გარეშე.

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი პოსტები