რჩევები სააგარაკე სახლის რემონტი და მოწყობისათვის

სააგარაკე სახლის რემონტი, რეკომენდაციები 

როგორ მოვაწყოთ აგარაკი მშენებლობის შემდეგ

თანდათან სულ უფრო აქტუალური ხდება სააგარაკე სახლები, როგორ სრულფასოვანი მუდმივი დასვენების ადგილი ოჯახისათვის. ქალაქგარეთ სახლი უკვე აღარ აღიქმება, როგორც სადღაც გამოკეტილი და მიტოვებული შენობა. სულ უფრო მეტი ადამიანი აფასებს ქალაქგარეთ ჰაერსა და სიმწვანეში ოჯახთან ერთად გატარებულ დროს. პირველი ეტაპია აგარაკის აშენება. შემდგომი ეტაპია სააგარაკე სახლის რემონტი, იაფი და საცხოვრებლად კომფორტული რომ იყოს. ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ თქვენი აგარაკი მოაწყოთ კომფორტულად, თანამედროვედ და დიდი დანახარჯების გარეშე.             

  ძირითადი რჩევები ინტერიერისათვის დიზაინერებისაგან

სანამ შეუდგებით აგარაკის გადაკეთებას, წარმოიდგინეთ და მოხაზეთ, რა გინდათ მიიღოთ საბოლოო შედეგად. ჩამოაყალიბეთ როგორ სტილში გნებავთ გადაწყვითოთ,როგორი ფუნქციონალური დატვირთვით. რომელ ავეჯს გამოიყენებთ არსებულიდან, რომელს დაჭირდება რესტავრირება და რისი შეძენა მოგიწევთ თავიდან.

თუ აგარაკს მხოლოდ ზაფხულის პერიოდში გეგმავთ  გამოიყენოთ, ამ შემთხვევაში ბევრად ნაკლები საზრუნავი გაქვთ. მაგრამ თუ წელიწადის ცივ პერიოდშიც გსურთ გაეცალოთ ქალაქის ხმაურს, მაშინ შენობის გათბობის საკითხი გაქვთ მოსაგვარებელი. თუ ეს გასვლები ხანმოკლე იქნება, მარტივად შეიძლება ელექტრო გამათბობელით შემოფარგვლა, მაგრამ ხანგრძლივად ყოფნას და ღამის გათევასაც თუ აპირებთ, აქ უკვე რემონტში გათბობის სისტემის საფუძვლიანი დაგეგმვაა საჭირო.

ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული აგარაკის ფართობზე. თუ აპირებთ პატარა სახლის აშენებას , 50-60 კვ.მში თავისუფლად შეიძლება  ორი პატარა ოთახის,სამზარეულოს და სველი წერტილის ჩატევა.

პატარა რჩევები რემონტისას

  • ძველი,არასაჭირო ნივთები აგარაკს მხოლოდ გადატვირთავს და ხელს შეგიშლით. როგორც წესი იმას ,რაც დროთა განმავლობაში ზედმეტი ხდება აგარაკზე ეზიდებიან და უამრავი ნივთი წლობით გროვდება. იხელმძღვანელეთ პრინციპით – რაც სამ წელზე მეტია არ გამოგიყენებიათ, ესეიგი აღარასოდეს გამოიყენებთ. გაათავისუფლეთ სივრცე ამ ნივთებისგან.
  • არ იხელმძღვანელოთ იმავე პრინციპებით და სტილით, რაც თქვენს ქალაქის ბინაში გაქვთ გამოყენებული. აგარაკი უნდა გიქმნიდეთ მშვიდ დასვენების ატმოსფეროს და არ გახსენებდეთ ქალაქის რითმს და ხმაურს.
  • ეცადეც კარგად გამოყოთ ერთმანეთისგან მოსასვენებელი და სამზარეულოს ზონა.
  • უკეთესია მშვიდი ნათელი ფერები გამოიყენოთ და გააზავოთ ის მკვეთრი აქცენტებით.
  • გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი მასალა ავეჯსა და ინტერიერში. დიზაინერები არ გირჩევენ ქრომირებული მეტალის, მინის, ლაქირებული ზედაპირების, პლასტიკატის გამოყენებას სააგარაკე ბინაში ან ეს უნდა მოხდეს მინიმალური დოზით.
  • განათება როგორც ყველა ინტერიერში, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეცადეთ რბილი, არამკვეთრი სინათლე მიიღოთ, გამოიყენოთ მქრქალი და სინათლისგამფანტავი სანათები.
  • დიდი ყურადღება ეთმობა ტექსტილს. ბალიშები, პლედები, ლამაზი გასაფარებლები, ფერადი ფარდები დაამშვენებს ოთახების ინტერიერს. შეარჩიეთ ტიპიური სააგარაკე ფაქტურა- polka dot, ზოლები, წვრილი ყვავილები, კუბოკრული.
  • ოთახის მცენარეები ხაზს გაუსმევს აგარაკის სიმყუდროვეს.
  • ვინტაჟური, ანტიკვარული ნივთები კარგად ერწყმება სააგარაკე გარემოს, მაგრამ ზომიერების ფარგლებში.
  • თუ გეგმავთ ცივ პერიოდშიც დაისვენოთ თქვენს აგარაკზე, კარგი იქნება ნამდვილი ბუხარი ან ელექტრობუხარი დაამონტაჟოთ. 

სააგარაკე სახლის რემონტისას გამოსაყენებელი მოსაპირკეთებელი მასალა

სტატისტიკურად, უმრავლესობა დიზაინერი და აგარაკის ბედნიერი მფლობელი თანხმდება, რომ რაც უფრო ლაკონური და ბუნებრივია აგარაკის  ინტერიერის დიზაინი, მით უკეთესი. კედლები შეიძლება იქნას შეღებილი, შელესილი დეკორატიული ლესვით,გაკრული თქვენთვის სასურველი შპალერი. შეიძლება რომელიმე კედლის გამოყოფა სხვა ფერით ან ფაქტურით. უფრო მაღალფასიანი მაგრამ კარგი ვარიანტია კედლების ხის პანელით მოპირკეთება. დეკორად გამოიყენეთ ბუნებრივი ქვა, ხოლო ადგილები სადაც მეტი ნესტი და ჭუჭყია, მოაპირკეთეთ კერამიკული ფილით. იატაკზე გამოიყენეთ ხე, თუ აგარაკზე არ იქნება ტენის და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ლამინატი ჯობია. ჭერზე თაბაშირ მუყაო, ბათქაში, შეღებილი, ყველა მეთოდი მისაღებია თქვენი ბიუჯეტის, გემოვნების და ჭერის მდგომარეობის გათვალისწინებით. ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი არის ზოგადი რჩევები და კაპიტალური რემონტისათვის კონკრეტულად რას შეარჩევთ ინტერიერის სტილზე და თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

უპირატესობა მიანიჭეთ ხის ავეჯს, მშვენიერი გადაწყვეტილებაა ბამბუკის, მოწნული, როტანგის ავეჯი.

სააგარაკე სახლის ინტერიერის სტილი

არ არსებობს რაიმე შეზღუდვა აგარაკზე რომელიმე კონკრეტული დიზაინერული სტილის გამოყენება-არ გამოყენების შესახებ. მაგრამ მაინც ჰაი-ტექი, ლოფტი, მინიმალიზმი უფრო ურბანულია და ქალაქის ბინის ინტერიერს მეტად უხდება. მთავარია რომ სასურველი ერთი სტილის ძირითად პრინციპებს ეთანხმებოდეს ინტერიერის ყველა კომპონენტი.

დიზაინერები აგარაკისთვის ყველაზე შესაფერისად ასახელებენ :

  • Country – ქაუნთრი, სოფლის სახლის სტილი. იყენებს სხვადასხვა ქვეყნისთვის დამახასიათებელ სოფლის სახლის ელემენტებს. ის შეიძლება იყოს ფრანგული, ამერიკული, იტალიური, ქართული, რუსული სოფლის სახლის მსგავსი. მთავარია ინტერიერში რომელიმე სასურველი რეგიონის სული იქნას გადმოცემული. ძირითადად მაინც ყველას აერთიანებს ავეჯის სადა და მოუხეშო ფორმები, ყვავილოვანი ან კუბოკრული ტექსტილი, ღია მშვიდი ფერები.
  • Provance – ფაქტიურად ფრანგული ქანთრია. ძალიან პოპულარულია მისი დახვეწილობის და განსაკუთრებული ხიბლის გამო. ძირითადი პრინციპებია- სადა, ხის, მაგრამ არაუხეში ავეჯი, დაძველების ეფექტით. ტექსტილის სიჭარბე, ნაზ ფერებში და ნახატით. ღია ფერები ინტერიერში.  ძირითადად ცისფერი, ლავანდიფერი, მწვანე, ქვიშისფერი. მნიშვნელოვანია აქსესუარების გამოყენება-ლითონის ჭურჭელი, ჩიტის გალიები, ფოტოები ძველებურ ჩარჩოში.
  • Shabby shic- ეს სტილი წააგავს პროვანსს, ისიც რომანტიული და ნაზია, მაგრამ მისგან განსხვავებით შებიშიკი იყენებს უფრო მდიდრულძვირფას ავეჯს, მასალებს, ყველანაირ ძველებურ მდიდრულ აქსესუარს, ღია ფერებს, რთულ ფორმებს. სიტყვასიტყვით სტილის სახელი „გაცვეთილ ბრწყინვალებას“ ნიშნავს, ამიტომ გამოიყენეთ ყველაფერი ძველი და ბრჭყინვალე!

ტრენდული დიზაინის სტილი-სკანდინავიური, რეტრო და შალე

  • Scandinavian – სკანდინავიური სტილის ძირითადი პრინციპია ბევრი ხე და თეთრი ფერი, ბევრი სინათლე და ცოტა დეტალები, უფუნქციო ნივთების არარსებობა, ყველა ელემენტი:ტექსტილი, ავეჯი, აქსესუარები დეკორატიულ და იმავე დროს პრაქტიკულ ფუნქციასაც ასრულებს.
  • Retro- რეტრო სტილი ფაქტიურად ძველი აგარაკების სტილია, ბებიების სახლის. ყველაზე მარტივად განსახორციელებელი, იმიტომ რომ ძველი აგარაკის დიდად გადაკეთება არც მოგიწევთ. წინა ეპოქის ავეჯი, წინაპრების ნივთები, ფოტოები, საათები, მოწნული ავეჯი, საქანელა სავარძელი, საბჭოთა ჭურჭელი, გეომეტრიული ფორმები ტექსტილში და ინტერიერში- ესაა რეტრო სტილის ძირითადი ხაზი.
  • Chalet- ეს სტილი იმეორებს ტიპიური ალპიური სახლების სიმყუდროვეს და ატმოსფეროს. ხის სადა ავეჯი, ქვის, ხის, ცხოველის ბეწვის გამოყენება დეკორად, ღია და თბილი ფერები. შალეს ყველაზე დამახასიათებელი და მთავარი აქცენტია ჭერში მასიური ხის კოჭების არსებობა.
  • Boho- ეს არის ერთი შეხედვით შეუფერებელი და სხვადასხვა სტილის ნივთების არევა. შემოქმედებითი აურზაური, სიჭრელე, სხვადასხვა სტილის და ეპოქის ავეჯის გამოყენება შეგიქმნით ბოჰო სტილს. ძალიან მარტივად მისაღწევი სტილია, მაგრამ ამავე დროს საფრთხილოც.

პატარა აგარაკის დიზაინი

შედარებით რთულია, მაგრამ შესაძლებელი სახლის მცირე ფართში სიმყუდროვის და კომფორტის მიღწევა. ამისათვის რამოდენიმე წესით შეგიძლიათ იხემძღვანელოთ:

  • გასაშლელი ავეჯი. ტრანსფორმირებადი სკამები, სავარძელი, მაგიდა მოგცემთ საშუალებას გამოათავისუფლოთ მეტი ადგილი, ამ დროს ისინი მშვენიერად ასრულებენ თავის ყველა ფუნქციას.
  • სათავსოების სწორად ორგანიზება. ყველა აგარაკზე უამრავი წვრილმანი ნივთებია, რომელიც მათი სათავსოს არარსებობის გამო იწვევს სივრცის ქაოტურ გადატვირთვას. ჩაშენებუილი კარადა, თაროების სისტემა, საკიდები კედელზე იძლევა საშუალებას ყველა ნივთი დაახარისხოთ საცხოვრებელი ფართის დანაკარგის გარეშე. შეგიძლიათ მარნის მშენებლობა, სადაც ნივთების დიდი ნაწილი შეინახება.
  • თუ სტუმრიანობით გამოირჩევით, აუცილებლად განიხილეთ ორსართულიანი საწოლები
  • ძალიან კარგი გამოსავალია სახლთან დიდი საჩრდილობელის, ფანჩატურის მოწყობა, იქ შეძლებთ ისადილოთ და დაისვენოთ კიდეც.

    დეკორი სააგარაკე სახლის ინტერიერში

აქსესუარები და დეტალები ქმნის ძირითად ტონს ინტერიერში. მთავარია არ გადავამლაშოთ მათი გამოყენებისას.

  • იდეალური დეტალია აგარაკზე ბუხარი.  ბუხართან თაროს ლამაზი აქსესუარებით ,მივუდგავთ საქანელა სავარძელს, იგი აგარაკის უსაყვერლესი კუთხე გახდება.
  • ფოტოები,ნახატები, ქოთნები,საყვავილეები, სარკეები, ეს მარტივად მოსაძიებელი მაგრამ ეფექტური აქსესუარებია ინტერიერის გასაფორმებლად.
  • საინტერესოდ შეიძლება ლამაზი ფორმის პატარა გასაშლელი კიბის გამოყენება ინტერიერში, სადგამად ყვავილებისათვის ან ტანსაცმელის და ნივთების საკიდად.
  • სამზარეულოს ზონას მოუხდება სხვადასხვა ფორმის და ზომის ქილები, კალათები. შეიძლება მათზე წარწერების დამაგრება. ეს ხერხი პრაქტიკულიც იქნება და ლამაზიც.
  • ოთახის ცოცხალი ყვავილები დაამშვენებს ნებისმიერი ფართის, ნებისმიერი სტლის აგარაკს და შექმნის განსაკუთრებულ აურას.
  • და ბოლოს, აგარაკის შიდა სივრცესთან ერთად არ დაგავიწყდეთ აივანის, ვერანდის მყუდროდ მოწყობა.სახლების და აგარაკების დაპროექტებაა მშენებლობა წარმოუდგენელია ტერასის ან ვერანდის გარეშე. შესაბამისი ავეჯით მოწყობილმა ვერანდამ შეიძლება აგარაკზე ჩვეულებრივი ოთახის ფუნქციაც შეასრულოს.
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

მსგავსი პოსტები