ფასადის მოპირკეთება, 9 მასალა კერძო სახლის მშენებლობა ში

კერძო სახლის მშენებლობა და შემდეგ ფასადის მოპირკეთება

თითქმის დასრულდა თქვენი ოცნების სახლის მშენებლობა და მის გარედან გალამაზებაზე დაიწყეთ ფიქრი? საცხოვრებელი სახლის ფასადის მოპირკეთებისათვის მასალის და ტექნოლოგიის შერჩევა სასურველია სახლის დაპროექტების ეტაპზევე მოხდეს, რათა მერე თავიდან აიცილოთ მონტაჟის სირთულეები. თანამედროვე ბაზრის დიდი არჩევანი მოგცემთ საშუალებას თქვენთვის სასურველი დიზაინის და ხელმისაწვდომი ფასის მასალა მოძებნოთ.            უპირველესყოვლისა უნდა გაითვალისწინოთ ორი ძირითადი კრიტერიუმი: საფასადე მასალა უნდა უხდებოდეს ეზოს და ლანდშაფტს, იყოს ესთეტიური  და იგი კარგად უნდა ასრულებდეს თავის დამცავ ფუნქციას, რადგანაც ფასადის მოსაპირკეთებელი მასალა იცავს კედლებს და დამატებით თბო და ხმის იზოლაციასაც ახდენს. შერჩევისას ასევე გაითვალისწინეთ სახლის კედლები რა მასალითაა აშენებული.

 

  1. ფასადის ბათქაშით მოპირკეთება სახლის მშენებლობისას

   დეკორატიული ბათქაში ფასადის მოპირკეთების ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ვარიანტია. ნარევების სხვასხვა შემადგენლობები გაძლევთ გაშრობისას სხვადასხვანაირი ფინიში მიიღოთ. ბათქაშის უპირატესობებია:

  • ესთეტიურობა, მიიღება სხვადასხვა ფაქტურა და მარტივია მისი შეღებვა;
  • წყალგამძლეა, არ იწოვს და არ ატარებს სისველეს;
  • უძლებს ტემპერატურულ ცვლილებებს და მზეს;
  • კარგი თბო და ხმის საიზოლაციო თვისებები აქვს;
  • შედარებით მარტივი მონტაჟი;
  • საფარი „სუნთქავს“, არ აკავებს სახლის კედლების შიგნით ზედმეტ ნესტს;
  • აქვს საკმაოდ დაბალი ფასი.

მაგრამ ბათქაშისთვის დამახასიათებელია ისეთი მინუსები როგორიცაა დახეთქვა, აშრევება და ლაქების გაჩენა. თუმცა სწორად თუ მოხდა გალესვა, წლების განმავლობაში მსგავსი არ გემუქრებათ.

შემადგენლობის მიხედვით გამოყოფენ:

  • მინერალურ ბათქაშს. ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტია. გამოირჩევა 12-16 წელი გამძლეობით, მაგრამ ნაკლებად პლასტიკურია, ამიტომ ახალაშენებულ შენობებისათვის არაა მიზანშეწონილი.
  • აკრილის ბათქაში. პლასტიკურია და გამძლეობითაც უფრო დიდხანს ძლებს, 18 წლამდე. მინუსია აალებადობა, ამიტომ მას არ იყენებენ მინაბამბით დათბუნებისას. რთული გასაწმენდია.
  • სილიკატური ბათქაში ყველაზე გამძლეა, 30 წლამდეც ძლებს, არ სკდება, მარტივად ირეცხება წვიმითაც. მინუსებია მაღალი ფასი, მოითხოვს სწრაფ ლესვას, არ გამოირჩევა ფერთა მრავალფეროვნებით. გამოიყენება მხოლოდ გარე სამუშაოებისათვის.
  • სილიკონის ბათქაში ყველაზე უნაკლო და იდეალური ვარიანტია, არ აქვს მინუსები მაგრამ ყველაზე მაღალ ფასიანია. კარგია მისი გამოყენება გზისპირა სახლების გასალესად, რადგან თვითგაწმენდის უნარი აქვს.
  1. ბუნებრივი ან ხელოვნური ქვა სახლის ფასადზე

ბუნებრივ ქვას ფაქტიურად კონკურენტი არ ყავს ფასადის მოპირკეთებისას. ესთეტიურადაც და გამძლეობითაც იგი პირველ ადგილზეა. ხელოვნური ქვა, ნაკლები წონის გარდა, თვისებებით თითქმის არ განსხვავდება ბუნებრივისგან. ქვა ფაქტიურად მუდმივია, არ საჭიროებს განახლებას, ნებისმიერი დიზაინის მიღება შეიძლება, უძლებს ყველა ბუნებრივ და მექანიკურ დატვირთვას. სამწუხაროდ აქვს მაღალი ფასი და დიდი წონა. ფასადის მოსაპირკეთებლად ძირითადად გრანიტს, ქვიშაქვას, დოლომიტს, კვარცს იყენებენ.

  1. სახლის აშენება დეკორატიული აგურით მოპირკეთება

ყველა დროს ყველაზე პოპულარული იყო და რჩება ფასადის დეკორატიული აგურით მოპირკეთება. წარმოების მეთოდის და შემადგენლობის მიხედვით გამოყოფენ:

  • კლინკერის აგური. თვისებებით ყველაზე კარგია ფასადისთვის. იწარმოება სპეციალური პლასტიკური თიხისგან დაპრესვით და გამოწვით. შესაძლებელია საღებავების დამატება დამზადებისას. უძლებს ყველანაირ გარემოს პირობებს, ყინვაგამძლეა, მარტივად ირეცხება. მაგრამ საკმაოდ რთულია მისი მონტაჟი. ალტერნატიული მასალაა კლინკერის ფილა, რომელიც სისქით ბევრად ნაკლებია და შესაბამისად უფრო მარტივი გასაკრავია.
  • კერამიკული აგური. ყველასთვის კარგად ნაცნობი მასალაა, მიიღება თიხის გამოწვით. გამოირჩევა ფერების და ფაქტურის მრავალფეროვნებით, უძლებს მზეს და წვიმას, ცეცხლგამძლეა. მაგრამ მაღალი შეწოვადობის გამო (თითქმის 10 პროცენტამდე) მცირდება მისი ყინვაგამძლეობა. არასწორად დამზადებული ან გამომწვარი აგური შეიძლება დროთა განმავლობაში დაიშალოს.
  • დაპრესილი აგური. მიიღება ცემენტის და სპეციალური დანამატების ნახევრადმშრალი დაპრესვით. კერამიკულ აგურს ჯობია სწორი ფორმებით, გამძლეობით, აქვს უფრო დაბალი შეწოვადობა და მაღალი ყინვაგამძლეობა, ფერების მრავალფეროვანი არჩევანი. ჰიპერდაპრესილი აგურის მინუსებია მაღალი თბოგამტარობა და ფერის შეცვლის საშიშროება.
  • სილიკატური აგური იწარმოება დაპრესილი ცემენტის და ქვიშის ნარევის მაღალ ტემპერატურაზე გამოშრობით. სილიკატური აგური იაფია, ხელმისაწვდომი და საკმაოდ გამძლე. აქვს კარგი საიზოლაციო თვისებები და ეკოლოგიურად სუფთაა. მის მინუსებს მიეკუთვნება მაღალი შეწოვადობა, დაბალი ყინვაგამძლეობა და არცთუ დიდი დეკორატიული მრავალფეროვნება.კერძო სახლის მშენებლობა
  1. კერამოგრანიტით სახლის ფასადის მოპირკეთება

კერამოგრანიტის თიხის, კვარცის ქვიშის, შპატის და სხვა დანამატებით მიღებული ფილა სიმტკიცით და საექსპლუატაციო თვისებებით ბუნებრივ ქვას არ ჩამოუვარდება. იგი ყინვაგამძლეა, თითქმის არ იწოვს წყალს, არ იცვლის იერსახეს. შესაძლებელია ხის, ქვის, აგურის და სხვა მრავალფეროვანი მასალების და ფაქტურის იმიტაცია. ზედაპირი შეიძლება იყოს გლუვი, პოლირებული, პრიალა, ნახევრადპოლირებული. არჩევანი ნამდვილად დიდია. კერამოგრანიტის მინუსებს მიეკუთვნება მისი მაღალი ფასი და წონა. დაბალი შეწოვადობის გამო აუცილებელია მისი მონტაჟი სპეციალური ძლიერი ნარევებით ან მეტალის კარკასზე.

  1. ფასადის კერამიკული ფილა მშენებლობაში

ყველა სხვა მასალასთან ერთად კერამიკული ფილაც საკმაოდ პოპულარულია ფასადის მოპირკეთებისას. საფასადე მასალა ნაკლები შეწოვადობით გამოირჩევა და ყინვაგამძლეა. აქვს კარგი საექსპლუატაციო და დეკორატიული თვისებები. მარტივია მისი მონტაჟი. ხელმისაწვდომია უამრავი ფორმის, ზომის და ფაქტურის ფილა. ცეცხლგამძლეა და შედარებით დაბალი წონით გამოირჩევა.

  1. ბეტონის ფასადის ფილა

მასალა იწარმოება ცემენტის და კვარცის ქვიშისგან. ახასიათებს სიმტკიცე და საკმაოდ მარალი გამძლეობა, ფერთა მრავალფეროვნება. შედარებით დაბალი წონა აქვს და ხელმისაწვდომი ფასი. მაგრამ ცუდად უძლებს ტემპერატურულ სხვაობებს და საკმაოდ ხშირია დაბალხარისხიანი და არასწორი გეომეტრიული ფორმით ფილები.

  1. დეკორატიული საიდინგი სახლის მშენებლობისას

საიდინგი სახლის ფასადის მოსაპირკეთებელი ერთ ერთი ლამაზი და თანამედროვე მასალაა. გამოირჩევა კარგი დეკორატიული თვისებებით და საკმაოდ მაღალი გამძლეობით, თითქმის 40-50 წლამდე. საიდინგი იძლევა საშუალებას მოაპირკეთოთ როგორც ახალაშენებული სახლის კედლები, ასევე განაახლოთ ძველი ფასადი. მისი ძირითადი სახეობებია:

  • ვინილის საიდინგი. იწარმოება პოლივინილქოლიდისგან და შესაძლებელია იყოს ხის, ქვის და სხვა ნებისმიერი მასალის იმიტაცია. კარგად უძლებს გარემო პირობებს, არ იწვება, მსუბუქია და ხელმისაწვდომი ფასიც აქვს. ძლიერი დარტყმისას შეიძლება დაზიანდეს. საკმაოდ დაბალი თბოიზოლაციური თვისებები აქვს და რთულია მისი ელემენტად შეცვლა. განსაკუთრებით გამოვყოფთ ცოკოლის საიდინგს, ის ჩვეულებრივზე უფრო სქელია და შენობის ცოკოლის მოსაპირკეთებლად გამოიყენება.
  • ხის საიდინგი. გამომშრალი და დამუშავებული ხისგან მზადდება, მაგრდება ხის პროფილზე. აქვს შესანიშნავი ვიზუალი სახლის ფასადზე. გამორჩევა კარგი თბოიზოლაციით, ეკოლოგიურია და მარტივი დასამონტაჟებელი. თუმცა აქვს საკმაოდ ბევრი უარყოფითი თვისებებიც – მარტივად აალებადია, საჭიროებს მუდმივად დამუშავებას დამცავი ნივთიერებებით. მაგრამ მისი უდაო სილამაზე ფარავს ამ ნაკლოვანებებს. ამჟამად იწარმოება ხის და ცელულოზის საიდინგი რომელსაც არ აქვს ბუნებრივი ხის ნაკლოვანებები.
  • მეტალის საიდინგი. იწარმოება ალუმინისაგან ან ფოლადისგან და იფარება პოლიმერული ნაერთით. შედარებით ხელმისაწვდომი ფასის გამო სახლის ფასადის მოსაპირკეთებლად ძირითადად ფოლადის საიდინგს იყენებენ. ის უძლებს ნებისმიერ ტემპერატურულ პირობებს, გამძლეა 50 წლამდე. მარტივი დასამონტაჟებელია. არაალებადია. სპეციალური ნაერთებით დამუშავების წყალობით არ იჟანგება. კარგი ვიზულით გაოირჩევა. თუმცა არ აქვს თბო და ხმის საიზოლაციო თვისებები.
  • ცემენტის საიდინგი. მიიღება ცემენტის და ცელულოზას ნარევისგან. აქვს ქვისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება, გამძლეა ყველანაირი გარემო პირობების მიმართ. მინუსებს მიეკუთვნება მოსაპირკეთებელი მასალის მაღალი ფასი და წონა და რთული მონტაჟი.
  1. აშენება სახლის და დაფარვა სენდვიჩ პანელებით

სენდვიჩ პანელი შედგება ორ მყარ ფენას შორის მოქცეული საიზოლაციო მასალისგან. მყარ მასალად როგორც წესი მეტალი გამოიყენება. ფენებს ცხელი დაწნეხვით აერთიანებენ.   ზედაპირი შეიძლება პრიალა, რელიეფური ან დეკორატიული იყოს. აქვს საუკეთესო თვისებები შენობის ფასადისთვის: სიმტკიცე, კარგი თბო და ხმის იზოლაცია, უძლებს გარემო    პირობებს, მსუბუქია და სწრაფად მონტაჟდება. იძლევა საშუალებას შეიცვალოს ცალკე ელემენტი, მარტივია ფასადის შესაკეთებლად. სენდვიჩპანელის ერთადერთი მინუსი მაღალი ფასია.

  1. ნაკლებად გავრცელებული საფასადე მასალები

შედარებით იშვიათად გამოიყენება სახლის მშენებლობისას მინის პანელები და კლინკერის თერმოპანელები. პირველი ვარიანტი ძირითადად სავაჭრო ცენტრის და საზოგადოებრივი შენობების ფასადზე გამოიყენება. საცხოვრებელი სახლის ფასადზე მისი გამოყენება საკმაოდ თამამი და თანამედროვე სვლაა.

 

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი პოსტები