სააგარაკე სახლის ნაკვეთის შემოღობვის 14 მეთოდი

ღობის მოწყობა სააგარაკე სახლის 

შემოღობვის გარეშე არ ხდება აგარაკის მშენებლობა. ღობე მხოლოდ არასასურველი სტუმრებისგან დასაცავად არაა, იგი მიწის ნაკვეთს ქარის, ნაგვისგან, გარეშე პირთა თვალისგან იცავს. სწორად შერჩეული და მოწყობილი ღობე კი ეზოს დეკორატიული ელემენტიც გახდება. სტატიაში აგიხსნით ღობის შერჩევის კრიტერიუმებს და შემოღობვის ძირითად სახეობებს.

  1. შემოღობვის ტიპის შესარჩევი კრიტერიუმები

ეზოს ღობის ძირითადი ფუნქციებია:

  • მიწის ნაკვეთის პერიმეტრის შემოსაზღვრა
  • ტერიტორიაზე ცხოვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • ეზოს გალამაზება

ყველა ტიპის ღობე სხვადასხვა დონეზე ასრულებს ჩამოთვლილ ფუნქციებს. მაგალითად, აგარაკი ან სახლი ქუჩას, ტყეს ან გზას თუ ესაზღვრება, მისგან გამოსაყოფად ღობე უფრო გამძლე და კაპიტალური უნდა იყოს. გვერდზე მეზობლის ნაკვეთისგან გამყოფი ღობე კი უფრო ტერიტორიას საზღვრავს და დეკორატიულია.

დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ სტილში უნდა შესრულდეს ეზოს ლანდშაფტური დიზაინი. კლასიკურ დიზაინს აგურის, ქვის ან ჭედური ღობეები უხდება. ქანთრი სტილისათვის ხის ღობეა ყველაზე შესაფერისი. იდეალური ვარიანტია თუ ღობეს, სახლის ფასადს და შენობა-ნაგებობას გაფორმების ერთნაირი ელემენტები ექნება.

  1. ფუნდამეტის ტიპები ღობისათვის

რადგანაც ღობე პირველ რიგში მიწის ნაკვეთის დაცვის ფუნქციას ასრულებს, მყარი და გამძლე უნდა იყოს. სიმყარისათვის საჭიროა შესაბამისი საძირკველის მოწყობა. ძირითადად ამ ორიდან ერთ-ერთი კეთდება:

  • ლენტური საძირკველი, რომელიც მძიმე ღობეს გაუძლებს. ბეტონი ისხმება არანაკლებ 30 სმ სიღრმეზე ამოთხრილ გრძელ არხში, რომელშიც წინასწარ არის ჩადებული არმატურის კარკასი.
  • წერტილოვანი საძირკველი ეწყობა როდესაც ღობის მასალა ორ ბოძს შორის მაგრდება. ბოძების დასაფიქსირებლად 1 მეტრამდე სიღრმის ორმოში ისხმევა ქვიშა-ცემენტის ხსნარი.
  1. მასალები ღობის მოსაწყობად

ღობის მოსაწყობად უამრავი ტიპის მასალა გამოიყენება. ძირითადი ჯგუფებია:

-რკინის მასალა (თუნუქი,  ლითონი, ბადე, გოფრე, პროფნასტილი)

– ხის მასალა;

– აგური,ბლოკი,ბეტონი;

– პლასტიკი და პოლიკარბონატი;

– ორიგინალური მასალის ღობეები (დაწნული, ცოცხალი ღობე)

  1. ბადე ღობე

ბადე შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის დაწნული. სასურველია ბადის მასალა ადვილად გადასაჭრელი არ იყოს.

ბადის ღობის პლიუსებია:

– შედარებით დაბალი ფასი;

– გამძლეობა მინიმუმ 30 წელი;

-მარტივი შესაკეთებელია;

– შედარებით მარტივი მონტაჟი;

– არ ქმნის ჩრდილს და ატარებს სინათლეს

– კარგი საყრდენია ხვიარა მცენარეებისათვის.

ბადის ღობის უარყოფითი მხარეებია არაესთეტური ვიზუალი და არასაკმარისი პრივატულობა, იგი ვერ დაგიცავთ გარეშე პირთა თვალისგან.

  1. ჭედური ღობე კლასიკური სახლის მშენებლობისას

ჭედური ღობე საუკეთესო ვარიანტია კლასიკური სტილის სახლის შემოსაღობად. იგი ხაზს გაუსვავს მესაკუთრის გემოვნებას. მზადდება ინდივიდუალური დიზაინით.

  • ჭედური ღობე ძალიან დიდხანს მოგემსახურებათ
  • კარგი დეკორატიული კომპონენტია
  • კარგად იცავს ნაკვეთს, რთული დასაზიანებელია
  • კარგად ატარებს ჰაერს და სინათლეს
  • მაღალი რირებულება აქვს
  • კონსტრუქცია მძიმეა და სპეციალურ მონტაჟს მოითხოვს
  • მეტალს პერიუდულად დამუსავება დაჭირდება რომ არ დაჟანგდეს
  • ეზოს უცხო თვალთაგან დამალვა თუ გნებავთ, ჭედური ღობე საკმარისი არ იქნება.
  1. პროფილირებული მილების ღობე

პროფილირებული მილებისგან შედუღებული ღობე ჭედური ღობის ბიუჯეტური ვარიანტია. იგი გამძლეა, ვიზუალით ჭედურ ღობეს წააგავს, მაგრამ მასზე 3-4 ჯერ იაფია. შედუღებული ღობის კომბინაცია ხდება აგურის, ბეტონის ან ქვის ბოძებთან, სეგმენტებად.

  1. პროფილირებული თუნუქის ღობე აგარაკის მშენებლობისას

სააგარაკე სახლის ეზოს შემოსაღობად ძალიან ხშირად იყენებენ პროფილირებულ თუნუქის ფირფიტებს, ე.წ. „პროფნასტილს“.

მისი უპირატესობებია :

  • შედარებითი სიიაფე
  • ვიზუალური მხარე, შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის, ასევე დაფარული იყოს აგურის ან ხის იმიტაციით;
  • გამძლეობა, თუნუქუ დაფარულია პოლიმერული ფენით და კარგად უძლებს გარემო პირობებს;
  • ხმის დახშობის თვისებების გამოხშირად გამოიყენება ქუჩის მხარეს შემოსაღობად.
  • მარტივი მონტაჟი, ფირფიტები მსუბუქია და ადვილად იჭრება.

პროფნასტილის ღობის შიდა მხარე რომელიც სახლისაკენ ექცევა არც თუ ისე ლამაზია. ასევე ეს ღობე არ ატარებს ჰაერს.

პროფნასტილის სეგმენტები უმეტესად კომბინირდება აგურთან ან ბეტონთან.

  1. ხის ღობე

ყველაზე კლასიკური ვარიანტია ღობის ხისგან მოწყობა. მზადდება უამრავი ფორმის, შესაძლებელია ნებისმიერ ფერად შეღებვა. ეკოლოგიურია და ჯანსაღი, ატარებს ჰაერს. მარტივად მონტაჟდება. ხის ღობის უარყოფითი მხარეებია:

  • ხანძარსაშიშია;
  • მუდმივ დამუშავებას საჭიროებს რათა არ დალპეს
  • შედარებით მოკლე ექსპლუატაციის პერიოდი აქვს;
  • ვერ უზრუნველყოფს სანდო დაცვას უცხო პირებისაგან.

დაბალი სიმაღლის ხის ღობით შეიძლება მეზობელი ნაკვეთების გამოყოფა, ან ეზოს ფარგლებში ყვავილნარის, ბაღის, ბოსტანის შემოსაზღვრა. გარე პერიმეტრზე შემოსარობად ხის ღობეს საკმაო სიმაღლე უნდა ქონდეს, სასურველია სიმყარისათვის მისი ბეტონთან ან ბლოკთან კომბინაცია.

  1. ბეტონის ღობის მოწყობა, ევროღობე

ბეტონის ღობეს უსაფრთხოების მხრივ და სანდოობით კონკურენტი არ ყავს. რუხი ბეტონის მასიური ბლოკები რომ უსახურად არ გამოიყურებოდეს, სულ უფრო ხშირად იყენებენ ე.წ. „ევროღობეს“. ევროღობე ბეტონისგან ჩამოსხმული კოლონების და პანელების კომბინაციაა. მათი ჩამოსხმა ხდება იგივე პრინციპით რაც ჩვეულებრივი ბეტონის ღობის, მაგრამ ყალიბად დეკორატიული ფორმები გამოიყენება.

შესაძლებელია ბეტონის ღობის შეღებვა სასურველ ფერად.

დადებითი მხარეებია:

  • გამძლეობა. ასეთი ღობე საუკუნეს გაუძლებს;
  • უსაფრთხოება. კარგად იცავს და რთულია მისი დაზიანება;
  • ხანძარმედეგობა
  • ძლიერი ქარისგან დაცვა

ასევე ახასიათებს უარყოფითი მხარეებიც:

  • მაღალი ფასი
  • მონტაჟის სირთულე სიმძიმის გამო.
  1. აგურის და ქვის ღობის მშენებლობა

აგურის და ბუნებრივი ქვის ღობეს დაახლოებით ერთი და იგივე თვისებები აქვს, სხვაობა ფასში და ვიზუალშია. ქვის ღობე აგურის ღობეზე დიდხანს გაძლებს. აგურისგან და ქვისგან აშენებული ღობეები ლამაზია, უსაფრთხო, იცავს ქარისგან და ხანძარმედეგია.

რადგანაც ასეთი ღობე არ ატარებს სინათლეს, ეზოს ზედმეტი დაჩრდილვისგან თავის არიდების მიზნით აგურის ღობეს კომბინირება ხდება რკინის ჭედურ ან პროფმილის ღობესთან.

  1. პოლიკარბონატის ღობე

პოლიკარბონატის ფირფიტები ძირითადად ფარდულის, ნაწილობრივი გადახურვისთვის გამოიყენება. მაგრამ სხვა მასალასტან კომბინაციით სესაძლებელია მისი ღობეზე გამოყენებაც. პოლიკარბონატის ფირფიტები მეტალის კარკასში ისმევა.

ასეთი ღობე გამოირჩევა სიმსუბუქით და სილამაზით. ატარებს სინათლეს, მაგრამ მის მიღმა არ ჩანს ეზო. გამოირჩევა ხმაურისგან კარგი იზოლაციური თვისებებით. უმარტივესი მოსავლელია, მარტივად ირეცხება წყლის ჭავლით.

პოლიკარბონატის ღობის უარყოფითი თვისებებია მაღალი ფასი და შედარებითი სისუსტე, მარტივად იჩხაპნება და შეიძლება მისი დაზიანება დარტყმით.

  1. დაწნული ღობე

ხის დრეკადი ტოტებისგან დაწნული ღობე დაამშვენებს ქანთრი სტილში აშენებული სახლის ეზოს. მისი მოწყობა საკმაოდ მარტივია. შესაძლებელია დაბალი ღობის გაკეთება ყვავილნარის გამოსაყოფად, ან საშუალო სიმაღლის სამეზობლო ზღვარისათვის.

დაწნული ღობე გამძლეობით და უსაფრთხოებით ვერ გამოირცევა, ძირითადად დეკორატიული და საზღვრის გამოსაყოფი ფუნქცია აქვს.

  1. ცოცხალი ღობის მოწყობა

ცოცხალი ღობე ეზოს შემოსაზღვრის ერთ ერთი ულამაზესი და ორიგინალური ხერხია. მის მოსაწყობად იყენებენ მარადმწვანე მცენარეებს როგორიცაა ბზა, ტუია, უთხოვარი, ღვია, ნაძვი და ა.შ.

ცოცხალი ღობის უარყოფითი მხარეა შრომატევადობა, მის მოვლას, გაზრდას და ფორმის მიცემას დიდი ძალისხმევა ჭირდება. ასევე დროს მოითხოვს სანამ მცენარეები სატანადო ზომას მირწევს რომ ღობის ფუნქცია შეასრულოს. მაგრამ შედეგი ნამდვილად აღმაფრთოვანებელია.

  1. სხვა განსხვავებული მასალები ღობის მოსაწყობად

არსებობს რამოდენიმე განსხვავებული მასალა, რომელიც იშვიათად გამოიყენება ღობის მოსაწყობად.

  • ერთ ერთი მათგანია შიფერი. ამჟამად სულ უფრო იშვიათად იყენებენ შიფერს შემოსაღობად, მაგრამ თუ გსურთ იაფად და მარტივად შემოღობოთ ეზო, შიფერი საკმაოდ მარტივი დასამონტაჟებელია.
  • გაბიონი- ლითონის ბადეში მოქცეული ქვის ბლოკებია
  • მავთული, რომელიც გაჭიმულია საყრდენ ბოძებზე
  • ზოგი მოხერხებული ადამიანი ღობეს პლასტიკის და მინის ბოთლებისგანაც კი აშენებს.

 

 

 

 

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

მსგავსი პოსტები